logo
ENG

საგარეო: კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ

20 თებ 202017:08
3 წუთის საკითხავი
clock 1676

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა. 

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ",-აღნიშნა ბრიფინგზე. 

საგარეოს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება გმობს აღნიშნულ კიბერშეტევა და ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ნორმებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, რაც მიმართულია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

"საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან  ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს",-აღინიშნა ბრიფინგზე.


close დახურვა