logo
ENG



ჩხარტიშვილი: კალაძე თბილისელების ეკოციდს აწარმოებს

25 თებ 202009:17
3 წუთის საკითხავი
clock 876

დაპირისპირება და ხმაური ანას ბაღში გრძელდება. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მიერ გაშენებული სკვერი სამშენებლო კონპანიის განკარგულებით მუშებმა დაშალეს, ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები ბაღში ისევ შეიკრიბნენ. აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

აქციის დროს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მსვლელობისას დააკავეს ერთი აქტივისტი, მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. აქციის ბოლოს, შეკრებილმა მოქალაქეებმა ტერიტორიაზე ნარგავები დარგეს და სკვერი აღადგინეს. მოსახლეობის განმარტებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და არ დაადასტურებენ, რომ შემოღობილი სკვერის ტერიტორია ნამდვილად კომპანიას ეკუთვნის.

„პარტიზანი მებაღეების“ წევრი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ მერია ქალაქს აბეტონებს.

„მიზანი მარტივია, გვინდა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. მერია კიდევ გვაბეტონებს. უტიფარი კალაძე ამბობს, რომ ბეტონის კორპუსის აშენებით გვემატება სარეკრეაციო ზონები. მოსახხლეობა ჯიუტად ვანახებთ თუ რა არის სარეკრეაციო ტერიტორია“, - აცხადებს ფერაძე.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციელები შერჩევითი სამართლით მოქმედებენ. 

„ამოთხარეს ნარგავები, რომლებიც ხმება. მარადმწვანე მცენარეები, რომლებმაც ჟანგბადი უნდა გამოყონ. აგინებენ ადამიანებს. ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ჩვენ წამში გვიჭერენ და ამათ არ ეხებიან“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

„კალაძე თბილისელების ეკოციდის აწარმოებს. კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს მშენებელმა კომპანიამ, მათი ხელით მოქმედებს ხელისუფლება. მწვანე ნარგავები გაანადგურეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში არ მოეკითხებათ პასუხები“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, გზის გარდა, სკვერის მოსაწყობად არსებული ყველა ტერიტორია სამშენებლო კომპანიას გადასცეს.

„სადაც ვდგავართ, ის სკვერი, რომელიც პარტიზანმა მებაღეებმა და ადგილობრივებმა მოაწყვეს, ეს ტერიტორიაც გაყიდულია. ეზოს, რომლებიც ადგილობრივები გამოიყენებდნენ, გაყიდულია. ეზოში, რომელსაც ადგილობრივები გამოიყენებდნენ, გზის გარდა, ყველაფერი გაყიდულია. ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ გზის გარდა, გვინდა ტერიტორია სკვერის მოსაწყობად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა  მოხალისემ ერთი ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ. დღეს დილით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სკვერის დემონტაჟი დაიწყეს. 

„ანას ბაღის“ მცველებს ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბენაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ მათ ყველანაირი უფლება აქვთ, რომ ტერიტორიიდან პარტიზანი მებაღეებისა და მოსახლეობის მიერ მიტანილი ინვენტარი გაიტანონ.

ფაქტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება.

„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.

 

 


close დახურვა