logo
ENG



ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს აუდიტის დასკვნას 13-პუნქტიანი განმარტებით პასუხობს

25 აგვ 202312:48
3 წუთის საკითხავი
clock 647

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი ვრცელ წერილს აქვეყნებს და კულტურის სამინისტროს პასუხობს.

წერილი 13 პუნქტისგან შედგება და სამინისტროს ყველა ბრალდებაზე დეტალურ განმარტებას მოიცავს, მათ შორისაა: სისტემური ხარვეზები, საბჭოს მუშაობის სპეციფიკა, გადახარჯვა, ტექნიკა და ინვენტარიზაცია.

ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამინისტროს ვერსია შეურაცხმყოფელია, რადგან ის შეიცავს მრავალ შეცდომას, ცილისწამებასა და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო მიდგომებს.

19 აგვისტოს კულტურის სამინისტრომ ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგები გაასაჯაროვა. უწყებაში აცხადებენ, რომ აუდიტმა ცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.

მათივე თქმით, ეს ხარვეზები ადასტურებს "კონტროლის ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას" და იმას, რომ ცენტრი არაერთი წელია "არაკომპეტენტურად იმართება".

მოცემული აუდიტორული დასკვნა სამინისტროს მიერ ასევე წარდგენილ იქნა სასამართლოში, სადაც კვლევითი ცენტრი სამინისტროს უჩივის.

ცენტრის პასუხის კულტუსი სამინისტროსადმი სრულად გთავაზობთ:

წარმოგიდგენთ ჩვენს პასუხს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებსა და შენიშვნებზე.

ჩვენი კომენტარები მიჰყვება სამინისტროს განცხადების პუნქტებს, რომლებიც კურსივით (იტალიკით) არის გამოყოფილი. შევეცადეთ სათქმელი შეძლებისდაგვარად ლაკონიურად და დაწურულად გვეთქვა. როგორც სამინისტროს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას ან პირს შეუძლია მიიღოს დამატებითი განმარტებები და ინფორმაცია ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში.

1. 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, კვლევით ცენტრს ევალებოდა სამეცნიერო საბჭოში ჰყოლოდა 26 წევრი. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოს ამგვარი, კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ეს ბრალდება მცდარია. აღნიშნულ პერიოდში (2015-2019) ჩუბინაშვილის ცენტრის დაარსების საკანონმდებლო საფუძვლების ჩამონათვალში "საქართველოს კანონი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" არ იყო ნახსენები და ცენტრის დებულებაშიც არ ფიგურირებდა. შესაბამისად, ის ვერ გახდებოდა სამეცნიერო საბჭოს ფორმირების საფუძველი. ჩანაწერი ამ კანონის შესახებ ცენტრის დებულებაში დაბრუნდა 2019 წელს და ამის შემდეგ სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა მის შესაბამისად.

გაუგებარია რატომ უნდა ჰყოლოდა 2015-2019 წლებში ცენტრის საბჭოს მაინცდამაინც 26 წევრი. ასეთი ზუსტი რიცხვი კანონში არ წერია. თუ იგულისხმება მთავარი მეცნიერ- თანამშრომლების რაოდენობა, აღნიშნული წლებისთვის ეს რიცხვი არაზუსტია.

"არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე" - ეს ფარისევლურ-პათეტიკური ფრაზა განცხადების ავტორთა სინდისზე იყოს.

2. 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთ სხდომას
ესწრებოდა მხოლოდ 12 წევრი (26 წევრიდან), რაც სამეცნიერო საბჭოს არ აძლევდა უფლებას, მიეღო გადაწყვეტილებები. ცენტრის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომის მონაწილე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. მიუხედავად ამისა, მოცემულ სხდომებზე, არაუფლებამოსილი სამეცნიერო საბჭო მაინც მსჯელობდა და, კანონის საწინააღმდეგოდ, იღებდა გადაწყვეტილებებს კვლევითი ცენტრის სახელით, რომელიც, შეგახსენებთ, სახელმწიფო ორგანიზაციაა.

2022 წელს ჩატარდა ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს 19 სხდომა. აქედან მხოლოდ სამს ესწრებოდა 12 წევრი, ანუ ნახევარზე ერთი წევრით ნაკლები. ამ სამ შეკრებაზე განხილული იყო სამეცნიერო და საინფორმაციო საკითხები, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელიც სამინისტროს განცხადებაში განზოგადებულია როგორც სისტემური პრობლემა ("კანონის საწინააღმდეგოდ, იღებდა გადაწყვეტილებებს").

2022 წელს საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, ამ ერთის გარდა, მიღებულია სათანადო კვორუმის პირობებში.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ის ერთადერთი შემთხვევა, როცა საბჭომ არასრული
კვორუმით მიიღო დადგენილება, ეხებოდა თანამშრომლის გადაყვანას ნახევარი
საშტატო განაკვეთიდან სრულზე. კანონის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ბრძანებით მიიღო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

3. ზემოხსენებული ჩამონათვალი მხოლოდ რამდენიმეა იმ სერიოზული პროცედურული დარღვევებიდან, რომლის პირობებშიც, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო საქმიანობდა ცენტრის არაერთი მეცნიერის გვერდის ავლითა და კანონის უხეში დარღვევით.

ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო არ საქმიანობს "არაერთი
მეცნიერის გვერდის ავლით". ცენტრში 50-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს და საბჭოს წევრი, ცხადია, ყველა ვერ იქნება.

საბჭო კომპლექტდებოდა იმ წესით, რომელსაც მოცემულ მომენტში ითვალისწინებდა ცენტრის დებულება. ეს წესი, როგორც პირველი პუნქტის
კომენტარში ითქვა, 2015-2019 წლებში და 2019 წლის შემდეგ სხვადასხვა იყო. შესაბამისად, სხვადასხვა იყო საბჭოს წევრთა რაოდენობაც.

4. 2019-2020 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით საქონლისა და
მომსახურების შესყიდვისას, ცენტრს, სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, საერთოდ არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, ხოლო 2021-2022 წლებში ჩაატარა მხოლოდ ნაწილობრივ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

2019-2020 წლებში გამარტივებული შესყიდვის წესით საქონლისა და მომსახურების შეძენისას ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობდა დოკუმენტით "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით".

ამ რეკომენდაციებით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია არ განახორციელოს ბაზრის კვლევა, თუ კონკრეტული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში 5000 ლარზე, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში 10 000 ლარზე ნაკლებია.

5. შესამოწმებელ პერიოდში, ცენტრის მიერ რამდენჯერმე ტენდერი გამოცხადდა და განხორციელდა ბაზრის კვლევის გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის პრინციპს.

ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა სულ სამჯერ გამოაცხადა ტენდერი ბაზრის კვლევის გარეშე. ეს ტენდერები დაკავშირებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტებთან, რომლებშიც გასაწევი მომსახურების ან შესასყიდი საქონლის შესაძენი თანხის ოდენობა წინასწარ იყო ბიუჯეტით განსაზღვრული.

ამ შემთხვევებში ბაზრის კვლევა ჩატარდა წინასწარ, პროექტების
მომზადებისას და მათი ბიუჯეტების შედგენისას. რუსთაველის ფონდი ამ საკითხს დიდი ყურადღებით ეკიდება და თუ ბიუჯეტი რაციონალურ ფასებს არ ითვალისწინებს, პროექტი უბრალოდ არ დაფინანსდება.

6. უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ
საკვალიფიკაციო პირობებთან შეუსაბამობის გამო, ცენტრის მიერ უნდა მომხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა. ამის ნაცვლად, ცენტრმა პრეტენდენტი გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად და ამგვარად, კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები.

ეს ერთადერთი სამართლიანი შენიშვნაა, რომელსაც მადლიერებით ვიღებთ და
აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუმცა, ვფიქრობთ, "კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები" ამ შემთხვევისთვის გადამეტებული ნათქვამია, მით უმეტეს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა პირმა კარგად შეასრულა დაკისრებული სამუშაო და მასთან პრეტენზიები არ ყოფილა.

7. გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვისას ხელშეკრულების გაფორმების ზოგიერთ შემთხვევაში, სახეზეა ფინანსური დარღვევები, კერძოდ, ცენტრმა არ გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი საჯარიმო სანქციები მომწოდებლის მიერ საქონლის/მომსახურების მოწოდების ვადების დარღვევების გამო. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სახსრების განკარგვისას, ამგვარი, თვითნებური "პატიების" ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა.

სამინისტროს განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული ფინანსური
დარღვევები და ჩვენთვის ძნელია დადგენა, თუ რა იგულისხმეს ამ პუნქტში. შესაძლოა ის ეხებოდეს ორ შემთხვევას, როცა მომსახურება გაწეული იყო ხელშეკრულებაში გაწეულ ვადებში, მაგრამ ინსპექტირების დასკვნა დაიწერა დაგვიანებით და, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტიც დაგვიანებით გაფორმდა. ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკური შეცდომაა, მაგრამ „თვითნებურ პატიებად“ ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ორსავე აქტში აღნიშნულია, რომ მომსახურება დროულად იყო გაწეული. ამდენად, საპატიებელიც არაფერი იყო.

8. ცენტრის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების სხვადასხვა შემთხვევაში, ვერ ხერხდება დადგენა იმ სტუმრების, რომლებმაც ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით (სასტუმრო, კვება და სხვ.); ამ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს ცენტრის დირექტორის ბრძანება და არ დგინდება მომსახურების პერიოდი და ადგილი.

როგორც ვხვდებით, აქ იგულისხმება ტაო-კლარჯეთის საზაფხულო სკოლა, რომელიც ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან და ფრიბურგისა და ბაზელის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ჩაატარა 2019 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით და მაქს პლანკის ინსტიტუტის თანადაფინანსებით. ამ პროექტის დიდ მნიშვნელობასა და შთამბეჭდავ შედეგებზე არაერთხელ დაიწერა (მათ შორის ბოლო დღეებშიც) და აქ ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, შევეხებით მხოლოდ ფინანსურ მხარეს.

სამინისტროს განცხადებაში წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. არსებობს
დირექტორის ბრძანება პროექტის ხარჯვით ნაწილზე. მომსახურების პერიოდიც და ადგილიც დგინდება შესაბამისი ხელშეკრულებებით და მათზე დართული
დოკუმენტებით. ყველა სტუმარი, რომელმაც სასტუმროთი ისარგებლა, დგინდება
შესაბამისი ოფიციალური მიწერ-მოწერით. კვებას რაც შეეხება, არცერთი ნორმატიული აქტი არ მოითხოვს სადილზე მყოფი ყოველი სტუმრის ცალ-ცალკე იდენტიფიცირებას. ჩუბინაშვილის ცენტრს აქვს სრული დოკუმენტაცია სამინისტროს შენიშვნაში ნახსენებ საკითხებზე და შეუძლია წარუდგინოს როგორც სამინისტროს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (აქ ვერ მოგვაქვს მოცულობის გამო - ლაპარაკია რამდენიმე ათეულ დოკუმენტზე).

პროექტის დასრულების შემდეგ რუსთაველის ფონდს წარედგინა დეტალური ფინანსური და პროგრამული ანგარიში. ფონდმა, რომელიც ასეთ ანგარიშებს დიდი პასუხისმგებლობითა და სიმკაცრით ეკიდება, მათში ხარვეზი ვერ ნახა, პროექტი ჩაითვალა წარმატებულად და დაიხურა.

9. საანგარიშო პერიოდის არც ერთ წელს, ცენტრის მიერ არ ყოფილა დაცული
საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული,
საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების
ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარების წესი.

ეს შენიშვნა ვინმემ შესაძლოა ისე გაიგოს, თითქოს 2019-2022 წლებში ჩუბინაშვილის ცენტრში არცერთხელ არ ჩატარებულა ქონების ინვენტარიზაცია, რასაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს ნამდვილად ავალდებულებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი". თუმცა ვითარება სხვაგვარია. ცენტრში ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ინვენტარიზაცია და მითითებული პერიოდიც არ იყო გამონაკლისი.

აუდიტორებს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარედგინათ სრულად. აქ
საუბარია ჩატარების წესზე. არ იყო ზუსტად დაცული ინვენტარიზაციის ჩატარებისას ამ წესით გათვალისწინებული თანმიმდევრობა მატერიალურად პასუხისმგებელ პირსა და საინვენტარო კომისიას შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილების შესახებ, ანუ დოკუმენტაციის ურთიერთისთვის წარდგენა-გადაბარების წესი და მეტი არაფერი. ცხადია ეს ფაქტორი ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა.

10. ცენტრში დამკვიდრებულია უკანონო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ცენტრის მიერ მიღებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საგრანტო თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა საგრანტო პროექტის მონაწილე პირებს გადაეცემათ პირად საკუთრებაში. მოცემული ქმედება, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს სახელმწიფო ორგანიზაციის ქონების პირადი მიზნებისათვის გამოყენების ცალსახა ნიშნებს.

ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის საგრანტო პროექტების თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა არის ცენტრის საბალანსო აღრიცხვაზე. ტექნიკის ნაწილი გადაცემულია თანამშრომლებისათვის დროებით სარგებლობაში, რაც, ცხადია, არ ნიშნავს საკუთრებაში გადაცემას. თუმცა ასეც რომ იყოს, კანონდარღვევა ესეც არ იქნებოდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება No84 „ფუნდამენტური
კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ ცხადად ამბობს (მუხლი 5, პუნქტი 7): „პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით“. იგივე წერია შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული ყველა ხელშეკრულებაში. ბუნებრივია, ფოტო და კომპიუტერულ ტექნიკას ცენტრის თანამშრომლები მოიხმარენ არა „პირადი მიზნებისათვის", არამედ შესაბამისი სამეცნიერო გეგმებით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობისათვის.

11. შესამოწმებელ პერიოდში წიგნადი ფონდის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ცენტრში პირველადი სააღრიცხვო ჟურნალები წარმოებულია არასწორად, ხარვეზებით (ჟურნალებში ჩანაწერები გადასწორებული და გადახაზულია), ვერ ხერხდება ჟურნალების ჩანაწერებისა და ადგილობრივი ფონდის ერთმანეთთან შედარება. ამის გამო, შეუძლებელია დადგინდეს, არის თუ არა რაიმე დანაკლისი, რაც ცენტრში მიმდინარე აღრიცხვისა და კონტროლის ნაკლოვანებაა.

ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკის დრამატული ისტორია აკადემიური წრისთვის კარგად არის ცნობილი. 1992 წლის იანვარში, როცა ცენტრის წინამორბედი დაწესებულების - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შენობა მთლიანად დაიწვა სამხედრო მოქმედებების შედეგად, განადგურდა ბიბლიოთეკის ნაწილი და სააღრიცხვო-საინვენტარო ჟურნალები.

გადარჩენილი ნაწილი 20 წლის მანძილზე ტომრებში იყო ჩალაგებული და სხვადასხვა დროებით გამოყოფილ ადგილას ინახებოდა, რაც შეუძლებელს ხდიდა წიგნების ინვენტარიზაციას. 2013 წელს, როცა ცენტრი დაბინავდა ახლანდელ შენობაში, აქ გადმოვიდა ბიბლიოთეკაც, მაგრამ სტელაჟების მოწყობასა და წიგნების გაშლას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა.

სწორედ შესამოწმებელ პერიოდში დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის რეორგანიზაცია-რეინვენტარიზაციის პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ დროისათვის გაკეთებულია წიგნების დაახლოებით 55%-ის ელექტრონული ბარათი.

სამწუხაროდ, მწირი დაფინანსებისა და ადამიანური რესურსების ნაკლებობის
პირობებში, პროცესი ისე სწრაფად ვერ მიდის, როგორც გვინდა.

12. აუდიტორული შემოწმების შედეგად კვლევითი ცენტრის საქმიანობაში
აღმოჩენილი ზემოხსენებული ხარვეზები ცალსახად ადასტურებს კონტროლის
ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, რაც, თავის მხრივ,
ადასტურებს, რომ კვლევითი ცენტრი, არაერთი წლის მანძილზე,
არაკომპეტენტურად იმართება და რომ მოცემულ სახელმწიფო ორგანიზაციას არ
აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა.

როდესაც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდას ვახსენებთ, ალბათ გაკვრით მაინც უნდა ვთქვათ, რომ „მოცემულმა სახელმწიფო ორგანიზაციამ" (ანუ ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა) 2019-2022 წლებში მოამზადა და გამოსცა 11 სამეცნიერო მონოგრაფია და 8 კრებული, გამართა 7 ადგილობრივი და 2 საერთაშორისო კონფერენცია და სემინარების ორწლიანი სერია მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთად, ჩაატარა მნიშვნელოვანი კვლევები, რომელთა შედეგები ცენტრის თანამშრომლებმა სტატიებად გამოაქვეყნეს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში...

მხოლოდ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 2019-2022 წლებში განხორციელდა არაერთი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული ხელოვნების შესწავლასა და პოპულარიზაციას, ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობის პრობლემების აქტუალიზაციას, ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობას, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას... ნუთუ ვინმე
სერიოზულად ფიქრობს, რომ ასეთი შედეგები შესაძლებელი იქნებოდა
"არაკომპეტენტური" მართვის პირობებში?

ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მუშაობის ანგარიშები ყოველწლიურად წარედგინება როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ისე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იღებს (მეცნიერებათა აკადემია ამას სპეციალური საექსპერტო დასკვნებითაც ადასტურებს). ეს ანგარიშები საჯაროა და შეიძლება ინახოს ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ჩვენ გულისყურით ვეკიდებით რეგულაციებს და პროცედურებს, ყოველთვის ვცდილობთ ზედმიწევნით დავიცვათ ისინი. თუ რამე შეგვეშლება, მადლიერებით ვიღებთ რჩევებსა და შენიშვნებს. მაგრამ, ვფიქრობთ, ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის (ან ნებისმიერი სხვა სამეცნიერო დაწესებულების) მუშაობის შეფასება მხოლოდ ამ რეგულაციებისა და პროცედურების ჭრილში ვერაფრით მოგვცემს სწორ სურათს. „სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა“ პირველ რიგში გამოიხატება იმ უზარმაზარ სამუშაოში, რომელსაც ატარებს ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი ქართული ხელოვნების შესასწავლად და წარმოსაჩენად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღსანუსხავად და დასაცავად. რომ არა ეს განცდა, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის საჭირო უამრავი მნიშვნელოვანი საქმე უბრალოდ ვერ გაკეთდებოდა.

13. მასალები შემდგომი შესწავლის, მათ შორის, შესაძლო დისციპლინური
გადაცდომის ან დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირების მიზნით
გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

წარმატებას ვუსურვებთ კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ
საქმიანობაში. პარალელურად, კარგი იქნებოდა სამინისტროს ეზრუნა ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, რათა ცენტრი მუდმივად არ იყოს დამოკიდებული გარე დაფინანსების მოძიებაზე და საკუთარი საბიუჯეტო სახსრებითაც ახერხებდეს თუნდაც სამეცნიერო ექსპედიციებისა და მივლინებების ორგანიზებას.

***

კვლევით ცენტრში კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური გელათის მონასტერთან დაკავშირებული კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შევიდა. სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ აუდიტის ჩატარება კონტროლის დამყარებასა და სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევას ისახავს მიზნად.

გელათის შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრმა ანგარიში 30 იანვარს გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში წერია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია მათი თხოვნით და "აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს". 


close დახურვა