logo
ENG



დუმბაძე მის დანიშვნაზე: კარგია არჩევითი, მაგრამ როცა სახელმწიფო დაწესებულებაა, წესია ასეთი

04 სექ 202310:38
3 წუთის საკითხავი
clock 704

ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის ხელმძღვანელად მის დანიშვნაზე ამბობს, რომ "არჩევითი საშუალება კარგია, მაგრამ როცა სახელმწიფო დაწესებულებაა, ეს წესია ასეთი". ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იქნება არავითარი საკადრო წმენდა.

"მე ასე აღვიქვი ეს წინააღმდეგობა - პირადად ჩემზე კი არ იყო, უფრო იყო იმ ფორმაზე, რომ მათ უნდათ, ეს იყოს არჩევითი. რა თქმა უნდა, კარგია არჩევითი საშუალება როდესაც არის, მაგრამ როცა სახელმწიფო დაწესებულებაა, ეს წესია ასეთი.

რა თქმა უნდა, [მწერალთა სახლი] შეინარჩუნებს [დამოუკიდებლობას] და რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება.. დალაგდება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე წლები მაკავშირებს ამ ადამიანებთან. მე არ ვარ ამათთვის უცხო, არავითარ შემთხვევაში არ წარმომიდგენია, რომ კონფლიქტად გადაიქცეს ეს, მით უმეტეს, რომ მე საერთოდ არ ვარ კონფლიქტური და არანაირად არ აისახება ეს ჩვენს მუშაობაზე, იმიტომ, რომ აქ მთავარი და უზენაესი იქნება მწერალი და იქნება ლიტერატურა, მხარში დგომა ამ ადამიანების.

არავითარი [საკადრო] წმენდა და საერთოდ, საზიზღარი სიტყვაა წმენდა. არ არის ეს, მე არ მგავს და ჩემ ბუნებაში არ არის, თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას ეს მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვინმეს ვუთხრა, რომ წაბრძანდი სახლში... ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, დამთავრდება და ახალი იდეები რაც მაქვს, მე მათ გავუზიარებ, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად და მომავალ წელს, ალბათ, ახალი პროექტებით შევხვდებით", - განაცხადა მან.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა სახლს დღეიდან, 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

მისი ხელმძღვანელად დანიშვნას კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა - თავად მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.

აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.


close დახურვა